ქართული ფილოლოგია
პროგრამა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იგი წარმოადგენს ქართული ფილოლოგიისა (როგორც სავალდებულო პროგრამის) და ინგლისური ენის (როგორც დამატებითი პროგრამის + არჩევითი დისციპლინების) პარალელურ-ურთიერთშეჯერებული სწავლების პირველ ცდას. პროგრამის სიახლეა ისიც, რომ ქართული ფილოლოგიის ბაკალავრს პრაქტიკული ინგლისური ენის (B 2+) დონეზე ცოდნა საშუალებას მისცემს, ქართულ-ინგლისურ კონტექსტში მოიაზაროს შესასწავლი დისციპლინები და უპრობლემოდ მიიღოს მონაწილეობა გლობალურ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
შემოთავაზებული პროგრამა არის პირველი, რომელშიც გათვალისწინებულია ენის კომპიუტერული მოდელირების – როგორც დისციპლინის სწავლება, რაც გზას გაუხსნის ბაკალავრს მრავალი პრაქტიკული ამოცანის დასახვა-გადაწყვეტაში, როგორიც არის, მაგალითად, სხვადასხვა სახის ელექტრონული ლექსიკონების (ქართულ-ინგლისური, ინგლისურ-ქართული, ორთოგრაფიული, ტერმინოლოგიური, განმარტებითი, უცხო სიტყვათა) შედგენა-მომზადება. პროგრამა ორიგინალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში პირველად არის შემოთავაზებული ოთხი ახალი დისციპლინა (ეთნოლინგვისტიკა, ქართული ეთნოლოგია ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში, ეთნომუსიკოლოგია და ქართული ეთნოლოგია სახვით ხელოვნებაში).
რაც მთავარია, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, პროფესორთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში დამხმარე-შემსრულებლად, მაგალითად, პროექტში – „ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი'' – სტუდენტი შეძლებს მასალის მოძიება-მოპოვებაზე მუშაობას (რითაც შეიძენს ლექსიკონთა შედგენა-მომზადების მეტად საჭირო უნარ-ჩვევებს).
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა ძირითად სპეციალობაზე ფოკუსირების გზით შეძენილი მყარი ცოდნის გარდა სტუდენტს სთავაზობს 21-ე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი ზოგადი და დარგობრივი, სოციალური თუ ინდივიდუალური კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობას, ფართე განათლებას, „ხარისხიანი'' სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, წამოჭრილ პრობლემაზე სწრაფი და ადექვატური რეაგირებისა და გამოტანილი დასკვნების მართებულად განზოგადების უნარ-ჩვევებს, ასევე თანამედროვე სამყაროში მრავალმხრივი, სრულყოფილი ურთიერთობისათვის საჭირო ყველა ხერხსა და საშუალებას, როგორც ადამიანური რესურსის, ისე კომუნიკაციური ტექნოლოგიების თვალსაზრისით.
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის განხორციელებისას ზოგადი პროფილის პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლება ხდება ეტაპობრივად B 1+-დან C 1/C 1+დონემდე, რაც საფუძველს ქმნის, უპირველეს ყოვლისა, კებრიჯის საერთაშორისო გამოცდების ჩასაბარებლად (პროგრამის ფარგლებში, VI ან VII სემესტრის ბოლოს) საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) სტანდარტით განსაზღვრულ B2(FCE) და C1/C 1+(CAE) დონეებზე ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, ასევე, ისეთი სპეციალური თეორიული და პრაქტიკული საგნების შესასწავლად, როგორიცაა დარგობრივი ინგლისური ენა (ბიზნესი, სამართალი, პოლიტიკა), ტექსტის ინტერპრეტაცია, აკადემიური წერა, თარგმნის თეორია და პრაქტიკა, თეორიული გრამატიკა,ინგლისური ენის ლექსიკოლოგია, ინგლისური ენის სტილისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია, ინგლისური ენის ლექსიკოგრაფია, მე-20 საუკუნის ლიტერატურის ისტორია (ინგლისი, ამერიკა, დასავლეთ ევროპა), და ა შ.
ისტორიის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს, როგორც სპეციალურ, ისე ზოგადსაგანმანათლებლო საგნების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს გახდეს არა მარტო დარგის კვალიფიციური სპეციალისტი, არმედ შეიძინოს და აიმაღლოს სოციალური და ინდივიდუალური კომპეტენციები, რაც აუცილებელია თანამედროვე პირობებში მრავალმხრივი და სრულყოფილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის. პროგრამაში თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი მსოფლიო ისტორიის კურსი დაწყებული უძველესი დროდან XXI-საუკუნემდე. საქართველოსო წარმოდგენილია ,როგორც წინა აზიის უძველესი კულტურის და პოლიტიკური წარსულის სახელმწიფო, რომლის ისტორია ევროპასთან მჭიდრო კავშირში მოიაზრება. სტუდენტები შეისწავლიან ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ისტორიას. საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურული ურთიერთობას მათთან და ქართული ემიგრაციისიის ისტორიას, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში.
პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ სხვისი დაწერილი ისტორიული ფაქტების შესწავლაზე, არამედ სტუდენტთა მიერ ინფორმაციის დამოუკიდებელ მოპოვებაზე, რისი მიღწევაც ქართული და ევროპული წყაროების შესწავლით და დამხმარე ისტორიული დისციპლინების შესწავლით ხდება შესაძლებელი.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს არქეოლოგიის საფუძვლების სავალდებულო კურსის შესწავლას, შემდგომ საფეხურზე მათ შეუძლიათ საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიის არა მარტო შესწავლა, არამედ ცოდნის გაღრმავება საველე არქეოლოგიური პრაქტიკის მეშვეობით.
პროგრამის მეშვეობით სტუდენტები შეისწავლიან ეთნოლოგიისა და კულტურის ანთროპოლოგიის საფუძვლებს. დაინტერესებულ სტუდენტებს პროგრაბა საშუალებას აძლევს ჩაუღრმავდნენ და დაწვრილებით შეისწავლონ საქართველოს ყოფა და კულტურა.
პროგრამა გამოირჩევა იმითაც, რომ იძლევა მრავალფეროვანი ჰუმანიტარული განათლების მიღების საშუალებას. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი და მათთვის საინტერესო დისციპლინები ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში. პროგრამა მომავალ სპეციალისტებს ფართო არჩევანს აძლევს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში.
ზემოაღნიშნული კურსების გავლა ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის იტორიის მიმართულების კურსდამთავრებულებს შესძენს დამატებით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში.