მანანა ტაბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, დაცული აქვს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ქართული და ზოგადი ენათმეცნიერების პროფილით. სხვადასხვა დროს სამეცნიერო საბჭოების მიერ მინიჭებული აქვს ჯერ დოცენტის, შემდეგ კი პროფესორის აკადემიური წოდებები.
2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების ,,ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის'' ინდივიდუალურ წევრად.
მანანა ტაბიძე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის გამგედ, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის'' სარედაქციო-საგამომცემლო დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო დარგში და სხვა.
მანანა ტაბიძე ამჟამადაც თანამშრომლობს არაერთ უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არის 4 მონოგრაფიის, სახელმძღვანელოების, 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, იგი მრავალი საერთაშორისო ფორუმისა და კონფერენციის მონაწილეა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.