გიორგი გორაძემ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი ამავე უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის ასპირანტურა. მან 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ფედერალიზმის პერსპექტივები ქართულ სინამდვილეში'' და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
გიორგი გორაძე მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2010 წლიდან იგი არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.
გიორგი გორაძე მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად საქმიანობს სამეცნიერო-პედაგოგიური თვალსაზრისით. იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციებს საჯარო სამართლის მიმართულებით, არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი.