საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშესაწყობად სამი საგრანტო კონკურსი გაიმართა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პროგრამებზე ორ მილიონამდე ლარი გამოიყო. საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროექტმა Leavingstone-სადა „ჯეოსელთან'' პარტნიორობით მობილური აპლიკაციების მიმართულებით გაიმარჯვა.
GAU ამერიკულ უნივერსიტეტებთან კარგი კავშირის გარდა გამოირჩევა ლაბორატორიისთვის გამოყოფილი სივრცის სიდიდით და კომფორტულობით. მას ახლოს აქვს კაფე და სამედიცინო პუნქტი. გარდა ამისა, სამუშაოდ გამოყოფილია 2 დიდი ოთახი და ერთი დამატებითი აუდიტორია სალექციო შეხვედრებისათვის. ლაბორატორიის წევრთათვის უზრუნველყოფილი იქნება საბარათე დაშვების სისტემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორი კომპანიები Leavingstone და „ჯეოსელი'' ლაბორატორიისთვის დამატებით 54 000 აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.
ინოვაციების ლაბორატორიების შექმნის მიზანია უნივერსიტეტების ბაზაზე პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების განხორციელება, ასევე კერძო ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მჭიდრო თანამშრომლობისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება.