8 ივლისს (2017) 15:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ GAU სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ბაკალავრები და მაგისტრები ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან.
კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში არსებობს და ყველა კურსდამთავრებულს უსურვა ობიექტური რეალობის მიღების ნებისყოფა და იმის შეცვლის ძალა, რისი შეცვლაც შესაძლებელია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კი ის პერიოდი გაიხსენა, როცა ქართულ-ამერიულ უნივერსიტეტში (GAU) ასწავლიდა და GAU-ს კურსდამთავრებულებს წარმატება უსურვა. აუდიტორიას სიტყვით სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა და სითბოსთან ერთად პროფესიული თუ პირადი რჩევები გაუზიარა.
ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოვება. მათ სხვადასხვა პრიზი გადაეცათ, „პალიტრა ლ“-ის გამოცემული წიგნები, GAU-ს ბრენდირებული საჩუქრები და ერთდღიანი განტვირთვის კარგი საშუალება - ბილტმორის სპა-აბონიმენტი.
დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.